საქართველოს ნაკრებმა, გუშინ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, ისრაელი დამატებით დროში – 71:69 დაამარცხა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს, ილიას ზუროსმა უპასუხა.
„პირველ რიგში ყველას გილოცავთ. ეს იყო ძალიან რთული თამაში. მიუხედავად იმისა რომ ახალი ტაქტიკის დასამუშავებლად ჩენ სულ რაღაც ორი დღე გვქონდა, ამ შეხვედრის მოგება მაინც შევძელით.
მაშინ როცა ძალიან ცოტა დრო გაქვს მოსამზადებლად ერთადერთი გამოსავალი არის რომ ითამაშო კარგი დაცვა. მოედანზე გუნდის ყველა წევრი ორასი პროცენტით დაიხარჯა. ჩვენ დავამარცხეთ ნაკრები რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული და მებრძოლი გუნდი. ნაკრები, რომელმაც გერმანიაში ბოლო წამებზე წააგო, გუნდი, რომელმაც წინა ტურში სერბეთს მოუგო. ასე რომ, ამ გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ “, – განაცხადა ისრაელთან ოვერტაიმში მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„ჩენ ნაკრებში გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც თავიანთ კლუბებში ხშრად თამაშის საშუალება არ აქვთ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გაგვიჭირდა და ბოლომდე ვერ ჩავჯექით ისეთ რიტმში, როგორც ამ მატჩისთვის ვემზადებოდით“- თქვა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრების ბერძენმა თავკაცმა, გულშემატკივრის ფაქტორზეც ისაუბრა: – „ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო დარბაზში შეკრებილი ხალხი და მათი ემოცია. ქართველები მებრძოლი და ამაყი ერია, რაც ყველა ჩვენს მატჩში განსაკუთრებულად იგრძნობა. სწორედ ამიტომაც დავთანხმდი ჩამოვსულიყავი და საქართველოს ნაკრებთან მემუშავა.“
„თორნიკე შენგელიამ წარწერით – „ქართული სული“ ყველას სამაჯური დაგვირიგა, რამაც ერთ გუნდად შეგვკრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს, რამაც ჩვენ ეს თამაშიც მოგვაგებინა“, – განაცხადა ზუროსმა.
მან ასევე, მოედანზე ორი მაღალის ერთდროულად ყოფნაზე, ბექა ბურჯანაძის ტრავმის შემდეგ დაბრუნებაზე და რატი ანდრონიკაშვილზეც ისაუბრა – „მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, ყველამ ბოლომდე იბრძოლა და ყველაფერი დადო. ძალიან გამიხარდა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი სისტემა გამოვცადეთ, პირველ რიგში შერმადინის და ბიძთაძის მოედანზე ერთად ყოფნამ ძალიან კარგი შედეგი დადო და ეს სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. ბექა ბურჯანაძე ტრავმის შემდეგ, გუნდს კარგად შემოუერთდა და ახალ სისტემაში ჩაჯდა. ასევე ახალგაზრდა კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმაც ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ნაკრებში ახალი თაობა, ღირსეულად მოვიდეს“.
ჩინეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს საბერძნეთში გამართავს, სამი დღის შემდეგ კი თბილისში ესტონეთს უმასპინძლებს.