ილია წულაია გუნდში შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს
ილია წულაია გუნდში შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს

დეპუტატი ილია წულაია გუნდში შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ახალი ფრაქციების შექმნის მიზანი მეტი კოორდინაციაა.

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის შესახებ დეტალები კონსულტაციების შედეგად გახდება ცნობილი.

“საკმაოდ დიდი ხანია, მიდის კონსულტაცია და ამ ფრაქციის შექმნის ერთადერთი მიზეზი და მიზანია, რომ უმრავლესობა იყოს მეტად კოორდინირებული. იცით, რომ დიდი ფრაქციაა, ამიტომ დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნა კოორდინირებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებიდან გამომდინარე არის გამოწვეული”, – განაცხადა ილია წულაიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას გადაჯგუფებასთან დაკავშირებით, როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა განუცხადა, ეს აბსურდია.

„ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და  პირიქით, ამ ნაბიჯით და გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი გუნდი”, – აღნიშნა ილია წულაიამ.

დეპუტატმა აგრეთვე დაადასტურა, რომ გოჩა ენუქიძის გუნდში ასევე იქნებიან პაატა მხეიძე, ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია და თამაზ ნავერიანი.

ილია წულაიას თქმით, მეტი სიზუსტე უკვე კონსულტაციების შედეგად გამოვლინდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოჩა ენუქიძემ პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა, რომ ერთ-ერთ ფრაქციას სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.