ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს
ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სრულ უკულტურობას ავლენს და ამავდროულად მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს და ირონიულად აცხადებს, თითქოს ხულო და ხელოვნება ერთმანეთთან შეუთავსებელია.

„რა ჰგონია, რომ ხულოელ ბავშვებს ხატვის სწავლა არ შეუძლიათ, ან არ სჭირდებათ, მისი აზრით ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში დაბადებული ბავშვების პრივილეგიაა?! მან იცის, რომ ხულოში არჩევნები პირწმინდად აქვს წაგებული და ამის გამო თავს უფლებას აძლევს, ხულოსა და ხულოელებს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს არსება ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ზიზღს, ირონიასა და დაპირისპირებას თესავს.

სწორედ დაპირისპირებისთვის სჭირდება მას ზუგდიდიც  და მთლიანად არჩევნებიც. საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა მას უარი, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება 19 მაისს“,- აცხადებს ილია ნაკაშიძე.​

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას 14 მაისს განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე: „სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა, დარწმუნებული ვარ, კაცურ პასუხს გავცემთ, როგორც ხულოელებს ეკადრებათ“.

ამასთან, დღეს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.