ილია ნაკაშიძე - დარწმუნებული ვარ, ვაჟა გაფრინდაშვილი სწრაფად დაუბრუნდება ოჯახს, სახელმწიფო ორგანოები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ
ილია ნაკაშიძე - დარწმუნებული ვარ, ვაჟა გაფრინდაშვილი სწრაფად დაუბრუნდება ოჯახს, სახელმწიფო ორგანოები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ილია ნაკაშიძე სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ნაკაშიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდეს.

„მე დღეს მოვედი აქ, როგორც ვიცე სპიკერი, როგორც კოლეგა. გამოვხატე ჩემი სურვილი, დავუდგეთ გვერდით  ოჯახს. დარწმუნებული ვარ, სწრაფად დაუბრუნდება ოჯახს, ამისთვის სახელმწიფო ორგანოები ყველაფერს აკეთებენ. ემოციურ ფონზე მზად ვარ, ჩავანაცვლოთ, იქ სადაც არის. ეს, რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის, მაგრამ სურვილი არის, დაუბრუნდეს ოჯახს”,- განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.