ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ [ფოტო]
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მივიდნენ ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები.
მოქალაქეები სამების ტაძარში ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.



