ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს
ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს ილია მეორე ვლადიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.

ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა – მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები. ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი გადარჩენილი კი, საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდარის გამო, ვლადიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.