ილია მეორე - ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს
ილია მეორე - ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს

ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დიდუბის დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განაცხადა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდუბის ტაძარი განსაკუთრებულია, უძველესი საუკუნეებიდან ადამიანები მოდიოდნენ აქ და ღებულობდნენ იმას, რასაც სთხოვდნენ. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა მაკურთხეს დიაკვნად, აქ გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ და აქ მივიღე მე მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს.

აქ არის სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში და ლოცულობდა და ღებულობდნენ, რასაც სთხოვდნენ. მძიმე დროს ვცხოვრობთ, მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით ამ წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

დატოვე კომენტარი