ილია მეორე - ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ
ილია მეორე - ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ

ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

„უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ეს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელზე. ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. მთელი ერი მოხარული ვართ იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი დღეს აკურთხა. ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს. ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებენ.