მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ილია მეორემ აკურთხა
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ილია მეორემ აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ​დღესასწაულზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა. ილია მეორე ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ა.წ. აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. მთავრობის მიმართვის შემდეგ, პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა. ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მთავრობამ წელს 694 ათასი ლარი გამოყო.