ილია დარჩიაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი იქნება დამატებითი იმპულსი ურთიერთობების უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი იქნება დამატებითი იმპულსი ურთიერთობების უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით

საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი იქნება დამატებითი იმპულსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში. როგორც ცნობილია, პოლონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. პოლონეთი აქტიურდ და ურყევად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იქნება დამატებითი იმპულსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით. პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, გამართოს შეხვედრები უმაღლეს დონეზე. გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან. პარალელურად, შეხვედრების პოლიტიკური ნაწილი იქნება საკმაოდ დატვირთული. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ქართველ სტუდენტებს და პოლონეთში ქართულ დიასპორას“, – განაცხადა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი უკვე ვარშავაშია, სამუშაო შეხვედრებს კი სალომე ზურაბიშვილი ხვალიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი