სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი უკვე ვარშავაშია, სამუშაო შეხვედრებს კი სალომე ზურაბიშვილი ხვალიდან დაიწყებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. ვარშავაში პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართავს. თავდაპირველად პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის მონაწილეობა კონფერენციაზე, სახელწოდებით – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი“.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთანაც გამართავს შეხვედრას. ასევე იგეგმება პრეზიდენტის შეხვედრა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარესთან.

ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილი დაესწრება წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით – „ძმები ზდანევიჩები – კირილე და ილია“, რომელსაც პრეზიდენტს თავად ავტორი, ქეთევან კინწურაშვილი გააცნობს. საგამოფენო დარბაზში პრეზიდენტი გაეცნობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს პავილიონისთვის პოლონეთში გამოცემულ ქართულ ლიტერატურასაც.

ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უმასპინძლებს. მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების გარდა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებთან და ქართულ დიასპორასთანაც გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მოინახულებს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოსა და ხატების მუზეუმს. საქართველოს პრეზიდენტი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს, სადაც გვირგვინით შეამკობს ვარშავის აჯანყებისას დაღუპული პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალს.

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორდღიანია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 8 მაისს გამოემგზავრება.