ილია ბეგიაშვილი - ბაკურიანში წყლის მიწოდება სრულად დღეს საღამოს აღდგება
ილია ბეგიაშვილი - ბაკურიანში წყლის მიწოდება სრულად დღეს საღამოს აღდგება

ბაკურიანში წყლის მიწოდება სრულად დღეს საღამოს აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ბეგიაშვილის თქმით, გუშინ ღამით, 23:00 საათზე წყალმომარაგების წნევასთან დაკავშირებული საკითხის გამო, ბაკურიანში წყლის მიწოდება სპეციალურად შეწყდა, თუმცა დღეს დილიდან მიწოდება აღდგენილია. რაც შეეხება პრობლემურ სასტუმროებსა და ადგილებს, მათ დღის მეორე ნახევარში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება.

ამასთან, ბეგიაშვილის თქმით, ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რაც შედეგიანი იყო და დამატებითი რეზერვუარებიდან წყლის გადართვა ძირითად რეზერვუარებში მიმდინარეობს.

რაც შეეხება გუდაურს, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, „რედკოს“ დასახლებას წყალი უკვე მიეწოდება. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში, წყალმომარაგების პრობლემა 31 დეკემბრიდან შეიქმნა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ეკატერინე გალდავა.