ილია ახვლედიანი - „სამგურალი“ გაიზარდა, ჩვენთან თამაში ყველას უჭირს #1TVSPORT
ილია ახვლედიანი - „სამგურალი“ გაიზარდა, ჩვენთან თამაში ყველას უჭირს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალში“, რომელიც ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ანტალიაში ემზადება, ილია ახვლედიანი დაბრუნდა – 25 წლის ფლანგის ნახევარმცველი გუნდის ღირსებას 2018-2022 წლებში იცავდა. ერთი სეზონი ითამაშა ქობულეთის „შუქურაში“, გასულ წელს კი „სამტრედიაში“ გამოდიოდა.

„მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდში მეგობრული განწყობაა, რაც შედეგზეც მოქმედებს. ვითამაშეთ „ტობოლთან“ და „ჟენისთან“ – ორივესთან გამარჯვება მოვახერხეთ. ანტალიაში წვიმიანი ამინდებია, მაგრამ ეს მზადებაში დიდად ხელს არ გვიშლის. კარგი პირობებია იმისათვის, რომ მოვემზადოთ.

ერთწლიანი განშორების შემდეგ „სამგურალს“ დავუბრუნდი. წყალტუბოს, ბოლო წლებია, კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ცვლილებას რაც შეეხება – უკეთესი სავარჯიშო პირობები გვაქვს და, რაც მთავარია, სახლის თამაშებს ძირითადად წყალტუბოში ვითამაშებთ. ეს ყველაფერი გუნდისთვის დიდი პლუსია.

რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას – პირველ რიგში, მადლობა, მინდა გადავუხადო მას და „სამგურალის“ ხელმძღვანელობას ნდობისთვის. შევეცდები, ყველანაირად გავამართლო მათი იმედები. აშვეთია დიდი ხანია, იცნობს გუნდის ძირითად ბირთვს, იცის ყველა ფეხბურთელის ხასიათი და პლუს-მინუსები. ჩვენთვის კომფორტულია მასთან მუშაობა და ალბათ მწვრთნელისთვისაც კარგია ასეთ გარემოში ყოფნა.

განვლილ ორ წელიწადში „სამგურალმა“ დიდი პროგრესი განიცადა და ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიან გუნდად, ვისთანაც ყველას უჭირს და, ჩემი აზრით, წლეულს არანაკლებ კარგი გუნდი გვეყოლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რისთვისაც გუნდი გასულ წლებში იბრძოდა“, – ამბობს ილია ახვლედიანი.