ილჰამ ალიევი - ტრამპის მარშრუტით და ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც საქართველოზე უკვე გამავალ დერეფანს დაემატება
ილჰამ ალიევი - ტრამპის მარშრუტით და ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც საქართველოზე უკვე გამავალ დერეფანს დაემატება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რაც უფრო მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, ექსპორტიორებისა და სატრანზიტო ქვეყნებისთვის.

ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ტრამპის მარშრუტის წყალობით და სატრანსპორტო ურთიერთდაკავშრებადობის პროექტის მიხედვით შეიქმნება ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საქართველოზე უკვე გამავალ დერეფანს დაემატება.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ უზარმაზარი ინვესტიციები გვაქვს თურქეთში. მათი ჯამური რაოდენობა აჭარბებს 20 მილიარდ დოლარს. ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები. ტრამპის მარშრუტის წყალობით და სატრანსპორტო ურთიერთდაკავშრებადობის პროექტის მიხედვით, რომელსაც ამჟამად კურირებს აშშ, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც გადაჭიმული იქნება აზიიდან, კასპიის ზღვის გავლით, შემდეგ გაივლის აზერბაიჯანზე, სომხეთზე, აზერბაიჯანის ნაწილ ნახჭევანზე, შემდეგ თურქეთში და შემდეგ ევროპაში მივა. ეს დაემატება უკვე არსებული დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. ამგვარად, რაც უფრო მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, ექსპორტიორებისა და სატრანზიტო ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ალიევმა ისაუბრა აზერბაიჯან-სომხეთს შორის ტრანზიტის შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, „ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა“.

ამასთან, ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის.

ილჰამ ალიევის მტკიცებით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.

„ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, გარდა, რა თქმა უნდა, სომხეთისა – კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.