ილჰამ ალიევი - ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა
ილჰამ ალიევი - ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა

ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის.

ილჰამ ალიევის მტკიცებით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.

„ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, გარდა, რა თქმა უნდა, სომხეთისა – კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ყოველთვის კონცენტრირებულია რეგიონულ დღის წესრიგზე და „თუ ვერ მივაღწევთ იმას, რაც გვსურს რეგიონში, მაშინ ვერ გვექნება მისწრაფება რაიმე გლობალურ მოვლენებთან“.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო სამოკავშრეო ურთიერთობები დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ უზარმაზარი ინვესტიციები გვაქვს თურქეთში. მათი ჯამური რაოდენობა აჭარბებს 20 მილიარდ დოლარს. ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები. ტრამპის მარშრუტის წყალობით და სატრანსპორტო ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით, რომელსაც ამჟამად კურირებს აშშ-ი, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც გადაჭიმული იქნება აზიიდან, კასპიის ზღვის გავლით, შემდეგ გაივლის აზერბაიჯანზე, სომხეთზე, აზერბაიჯანი ნაწილ ნახჭევანზე, შემდეგ თურქეთში და შემდეგ ევროპაში მივა. ეს დაემატება უკვე არსებული დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. ამგვარად, რაც უფრო მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, ექსპორტიორებისთვის და სატრანზიტო ქვეყნებისთვის“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.