იტალიის ვიცე-პრემიერის გამონათქვამების გამო, საფრანგეთში იტალიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
იტალიის ვიცე-პრემიერის გამონათქვამების გამო, საფრანგეთში იტალიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საფრანგეთმა იტალიის ვიცე-პრემიერის გამონათქვამების გამო, საფრანგეთში იტალიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

შეგახსენებთ, გუშინ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ საფრანგეთს აფრიკული ქვეყნების კოლონიზაცია არ შეუწყვეტია.

იტალიის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ასეთი პოლიტიკის შედეგად, ათასობით აფრიკელი იძულებულია, სამშობლო დატოვოს და ევროპაში ეძებოს თავშესაფარი. დი მაიომ ამის გათვალისწინებით, საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

როგორც იტალიური სააგენტო Ansa წერს, საფრანგეთის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერის განცხადებას “უსაფუძვლო და მტრული” უწოდა.

აფრიკიდან ევროპაში მიმავალი მიგრანტების უმეტესობა იტალიის პორტებში მოხვედრას ცდილობს. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 4216 მიგრანტი მოხვდა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მიგრანტების ნაკადი ორჯერაა გაზრდილი.