იგორ დოლგოვი - არავის არავისთვის არაფერი აუკრძალავს, ვინ გითხრათ? არასწორი ინფორმაციაა, საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შევძელით, როცა იყო შესაძლებლობა და აუცილებლობა, მიგვეღო თანხმობა ჩარტერულ რეისზე თბილისიდან
იგორ დოლგოვი - არავის არავისთვის არაფერი აუკრძალავს, ვინ გითხრათ? არასწორი ინფორმაციაა, საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შევძელით, როცა იყო შესაძლებლობა და აუცილებლობა, მიგვეღო თანხმობა ჩარტერულ რეისზე თბილისიდან

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ უკრაინაში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. მისივე თქმით, ნათელია, რომ ბევრი საკითხია განსახილველი, თუმცა ასეთ თემებს ტელეფონით არ განიხილავენ.

„თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც მოხდა. არ ვიცი, კიდევ რა არის განსახილველი და ნათელია, რომ განსახვილველი კიდევ ბევრია, მაგრამ ასეთ საკითხებს ტელეფონით არ განიხილავენ. ამიტომაც, ინსტრუქცია მომცეს, კონსულტაციებისთვის ჩავსულიყავი“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა „მთავარი არხის“ ეთერში.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „როგორც ვიცით, იყო საელჩოს მთავრობასთან შეთანხმება, რომ მოხალისეები გაემგზავრებოდნენ, რატომ გადაიფიქირეს ბოლო მომენტში, საქართველოს მთავრობის პოზიციაზე შეგიძლიათ რამის თქმა? ვიცით, რომ დიპლომატიურად გვიპასუხებთ, მაგრამ მაინც“, – იგორ დოლგოვის განცხადებით, თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.

„არ იყო ასეთი შეთანხმება. არის მკაფიო გაგება, რომ მთავრობა და სხვა დანარჩენი ორგანოები არ შეუშლიან ხელს მათ, ვისაც სურთ ჩასვლა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით არ იყო შეთანხმება, ამიტომ ეს აბსოლუტურად სხვა ისტორიაა“, – აღნიშნა იგორ დოლგოვმა.

ამასთან, კითხვაზე, ექიმებს აუკრძალეს უკრაინაში წასვლა, დოლგოვი პასუხობს, რომ არავის არავისთვის არაფერი აუკრძალავს.

„არავის არავისთვის არაფერი აუკრძალავს, ვინ გითხრათ? ეს არასწორი ინფორმაციაა. საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შევძელით, როცა იყო შესაძლებლობა და აუცილებლობა, მიგვეღო თანხმობა ჩარტერულ რეისზე თბილისიდან, სულ ეს არის. სხვა დანარჩენი არანაირი პრობლემა არ არის, ვისაც სურს, შეუძლია, სხვადასხვა გზით მოდიან უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ელჩი პასუხობს: „დიპლომატიურად, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია სახეზეა და თქვენ ამას კარგად ხედავთ, ქართველები ხედავენ. მადლიერები ვართ იმ დახმარებისთვის, რაც მივიღეთ და მადლიერები ვიქნებით ყველა იმ ქმედებისთვის, რომელიც დაგვეხმარება ამ ომში გამარჯვებისთვის“.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.