აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ჩემპიონი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა შვიოტეკი გახდა. 20 წლის პოლონელმა საათსა და 50 წუთში ორ სეტში დაამარცხა ტუნისელი ონს ჟაბორი – 6:2, 7:6(5).
პირველ სეტში შვიოტეკი ბრწყინვალედ თამაშობდა მიღებაზე და მეტოქის ოთხი გეიმიდან სამში ბრეიკი შეასრულა. გარდა ამისა, საკუთარ გეიმებში მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, ხოლო პირველი მოწოდების სიზუსტე 90 პროცენტს შეადგენდა.
მეორე სეტში ჟაბორმა უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, თუმცა, ამჯერადაც სულ მდევრის როლში იყო. შვიოტეკი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და ტუნისელმა ორივეჯერ შეძლო უკუბრეიკის შესრულება. ჟაბორი ტაი-ბრეიკზე ახლოს იყო მიზანთან, როცა 5:4 დაწინაურდა და ორი საკუთარი მოწოდება უნდა შეესრულებინა, მაგრამ პოლონელმა ჯერ ზედიზედ ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და შემდეგ პირველივე მატჩბოლი გამოიყენა, რამაც მას კარიერაში „დიდი სლემის“ მესამე ტიტული მოუტანა.
ფაქტები
* შვიოტეკი 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ქალი ჩოგბურთელია, ვისაც კარიერაში „დიდი სლემის“ სამი ტიტული დაუგროვდა.
* შვიოტეკი მხოლოდ მეცხრე ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელიც 22 წლის ასაკამდე „დიდი სლემის“ სამ ტიტულს ფლობს. ამ კლუბში შედიან: მარია შარაპოვა, ჟუსტინ ანენი, სერენა უილიამსი, ვინუს უილიამსი, მარტინა ჰინგისი, მონიკა სელეში, შტეფი გრაფი, კრის ევერტი.
* შვიოტეკი 2016 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, ვინც ერთ სეზონში „დიდი სლემის“ ორი ტიტული მოიგო. ბოლოს ეს გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა შეძლო.
* ბოლო 15 წელიწადში შვიოტეკი მხოლოდ მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც ერთ სეზონში სხვადასხვა საფარზე შეძლო „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება. ამ პერიოდში იგივეს გაკეთება შეძლეს ჟუსტინ ანენმა და სერენა უილიამსმა.
* ამ სეზონამდე შვიოტეკი ცნობილი იყო, როგორც გრუნტის სპეციალისტი, მაგრამ წელს მან ჰარდზე ოთხი ტიტული მოიგო – დოჰაში, ინდიან უელსში, მაიამიში და აშშ-ის ღია პირველობაზე.
* ამ სეზონში შვიოტეკს „დიდი სლემის“ ტურნირებზე 21 მოგება და ორი წაგება აქვს.
* შვიოტეკს მიმდინარე სეზონში WTA-ის შვიდი ტიტული დაუგროვდა. ბოლოს ასეთი რამ 2014 წელს სერენა უილიამსმა შეძლო.
* შვიოტეკმა ზედიზედ მეათე ფინალი მოიგო, თანაც ისე, რომ სეტი არ წაუგია.
* აშშ-ის ღიას ტიტულისთვის შვიოტეკმა 2.6 მილიონი დოლარი მიიღო.