IFC - „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელიც „თიბისი ბანკის“ აქციონერი გახდა, კვლავ განვაგრძობთ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მხარდაჭერას
IFC - „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელიც „თიბისი ბანკის“ აქციონერი გახდა, კვლავ განვაგრძობთ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მხარდაჭერას

„საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ (IFC) მიესალმება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ.

ამის შესახებ „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენების და „თიბისი ბანკის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ.

ჩვენ მივესალმებით „თიბისი ბანკის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ.

„თიბისი ბანკს წამყვანი“ როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან.

IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს „თიბისი ბანკის“ აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მხარდაჭერას. საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”, – აღნიშნულია „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარუდგინა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.