იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ვიპოვით საერთო პოზიციას, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თურქეთს არ უთქვამს, რომ წევრობის პროცესის დაბლოკვა სურს
ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთზე და ფინეთზეა დამოკიდებული, შეუერთდებიან თუ არა ნატო-ს.
„ჩვენ პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ფინეთი და შვედეთი ნატო-ს უახლოესი პარტნიორები არიან. თუ ისინი გადაწყვეტენ წევრობას, ეს იქნება ისტორიული მომენტი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობა გაზრდის საერთო უსაფრთხოებას, იქნება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და აგრესიას დადებითი შედეგი არ ექნება.
ამავდროულად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ „მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ევროპაში უსაფრთხოების ახალი რეალობის გათვალისწინებით“.
რაც შეეხება თურქეთის განცხადებას, სტოლტენბერგი ამბობს, რომ დარწმუნებულია, საერთო პოზიციას მონახავენ.
„რაც შეეხება თურქეთს, ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. გამოხატა შეშფოთებები და როგორც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ნატო-ში, როდესაც არის შეშფოთება და კითხვები, ვსხდებით და ვნახულობთ გამოსავალს, დარწმუნებული ვარ, ვიპოვით საერთო პოზიციას. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი წლების განმავლობაში წარმატების ისტორიაა. თურქეთს არ უთქვამს, რომ წევრობის პროცესის დაბლოკვა სურს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ამ პრობლემების, რაც თურქეთმა გამოთქვა, იმგვარად მოგვარებას, რომ მიღების პროცესი არ გადაიდოს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად ონლაინპრესკონფერენციაზე.
ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.
„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.