იენს სტოლტენბერგი - უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი
უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ საული ნიინისტოს შეხვდა.
იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში მიიწვიეს, სადაც საული ნიინისტოსთან, სხვადასხვა თემასთან ერთად, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები განიხილა.
„ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რათა ყურადღება მივაქციოთ იმ საკითხებს, რომლებიც თურქეთმა წამოწია. ეს არის კანონიერად წამოწეული საკითხები. ეს ეხება ტერორიზმს, იარაღის ექსპორტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი და რომ თურქეთი არის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აუზში და ამასთან, ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთს აქვს მთავარი როლი ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფო“. ასევე, უნდა გავიგოთ, რომ თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ასევე, გზების ძიებაში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტთან. ასე რომ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც თურქეთია, წამოჭრის საკუთარი შეშფოთების საკითხებს ტერორიზმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავსხდეთ და სერიოზულად ვიმსჯელოთ ამაზე, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ ასევე მივესალმებით მკაფიო გზავნილს ფინეთისა და შვედეთისგან, რომ ისინი განიხილავენ ამ საკითხებს და ვიპოვით წინსვლის გზას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი ხვალ შვედეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.