იენს სტოლტენბერგი - სირიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დარტყმები იყო სიგნალი სირიისთვის, რუსეთისა და ირანისთვის
სირიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დარტყმები იყო სიგნალი სირიისთვის, რუსეთისა და ირანისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„ოპერაცია მიზნად ისახავდა დამასკოს შესაძლებლობების შემცირებას გამოიყენოს ქიმიური იარაღი. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გაერო-ს გამოძიება რუსეთმა შეაფერხა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა თურქულ ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ალიანსი რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს არ ეწინააღმდეგება.
იენს სტოლტენბერგი თურქეთში იმყოფება და მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს.