იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა
იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

როგორც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტოლტენბერგი ბაიდენს 14 ივნისს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად შეხვდა.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის და ნატო-სადმი ძლიერი ვალდებულებისთვის. სტოლტენბერგის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სულ უფრო კონკურენტულ მსოფლიოში ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, რომ ნატო-2030-ის ინიციატივის ფარგლებში მიღებული ამბიციური გადაწყვეტილებები ალიანსს მომავლისთვის მოამზადებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ნატო-2030-ის დღის წესრიგის შესასრულებლად თავდაცვაში ინვესტიციების გაგრძელების საჭიროებას.

ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია მისი შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან და კონგრესის წევრებთან, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.