იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში

საქართველო ნატო-ს მაღალი რანგის პარტნიორია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობისთვის,-ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კითხვას, განიხილება თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე.

“ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოში და ჩვენ სხვა მიმართულებითაც განვაგრძობთ მხარდაჭრას. ჩვენ შევაქეთ საქართველო ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესისთვის, ასევე, რეფორმების იმპლემენტაციისთვის. საბოლოოდ კი 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, რომ შემოუერთდეს ალიანსს”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

პირველი არხის ჟურნალისტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე გაწევრიანდეს, როგორც ეს Heritage Foundation-ის ანგარიშში იყო აღნიშნული.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მეხუთე მუხლი ნატო-ს მთავარი ძალაა.

“წევრობა მოიცავს მეხუთე მუხლს და ეს მთავარია ალიანსისთვის. ჩვენ ვეფუძნებით მიდგომას,რომ დავიცავთ ერთმანეთს, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის, მაგრამ საქართველოც კი, არაწევრი ქვეყანა ახლა ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორია, საქართველოში ნატო უკვე ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი და ჩვენ ასევე, მივესალმებით საქართველოს სხვა ბევრ კონტრიბუციას, არამხოლოდ ავღანეთში”,-განუცხადა “პირველ არხს” ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, ამ მომენტისთვის არ ხედავს არანაირ პირდაპირ საფრთხეს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე, მაგრამ რუსეთის აგრესია შეინიშნება სხვა სახელმწიფოებში.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინაში. ასევე, ყავს სამხედროები საქართველოში, მოლდოვაში. ამიტომაც, ჩვენ ვახდენთ რეაგირებას პროპორციული გზით, რომ აღმოვფხვრათ ახალი ცივი ომი. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რუსეთთან დიალოგისთვის”,- აღნიშნა სტოლტენბერგმა და აქვე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუნხენის 54-ე კონფერენციის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება, რაც მისი თქმით, დიალოგის ნაწილია.