იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება ნატო-ს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება შესაძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
„მივესალმები მოკავშირეთა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და რუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ნატო-ს მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ეს მიღწევა შესაძლებელი გახადა. მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ X-ში.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.