ნატო მზად არის, მაკედონიისთვის სახელის შეცვლისთანავე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწეროს
ნატო მზად არის, მაკედონიის სახელის შეცვლის პროცედურის დამთავრებისთანავე, ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლს მოაწეროს ხელი. ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევიმს და ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვრჩებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე სკოპიეზეა დამოკიდებული“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, მაკედონიის პარლამენტმა უნდა დაასრულოს ყველა შესაბამისი პროცედურა.
„როგორც კი პარლამენტი პროცედურას დაასრულებს, მზად ვართ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს მოვაწეროთ ხელი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა. ნატო მზადაა მიესალმოს ჩვენს 30-ე წევრს , თუმცა მხოლოდ ამ შეთანხმების რეალიზაციის შემთხვევაში. სხვა გზა არ არსებობს. მოვუწოდებ ყველას, ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად“,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა .
მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ 30 სექტემბერს გამართული რეფერენდუმი მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო, ჩაშლილად გამოცხადდა.
ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.91 % იყო , კანონმდებლობით კი, აუცილებელია, რეფერენდუმში მოსახლეობის 50-მა პროცენტმა მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო ყუთებთან მისული ადამიანების 91,46- მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის, მაკედონიის ჩრდილოეთ მაკედონიით შეცვლის ინიციატივას.