იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენისა და ბაბ ელ-მანდების ყურეში ბალისტიკური რაკეტებით ამერიკულ საბრძოლო გემებზე თავდასხმა განახორციელეს
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენისა და ბაბ ელ-მანდების ყურეში მათ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს ამერიკულ საბრძოლო გემებზე. ამის შესახებ „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა.
„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერის თქმით, თავდასხმა აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე განხორციელდა, რომლებიც ამერიკულ კომერციულ გემებს იცავდნენ.
„თავდასხმა დაჩაგრული პალესტინელი ხალხის დასაცავად და ღაზის სექტორში ჩვენი ძმების მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით განხორციელდა, ასვეე, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატული აგრესიის საპასუხოდ. შეტაკების შედეგი იყო ამერიკულ გემებზე პირდაპირი იერიში, რომელმაც აიძულა, უკან დაეხიათ და მიუხედავად სამხედრო ხომალდების მცდელობისა, ჩაეჭრათ ჩვენი ბალისტიკური რაკეტები, მათ მაინც შეძლეს მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა იაჰია სარიმ.
„ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განცხადება გაავრცელა გადამზიდავმა კომპანია Maersk-მა.
„გადაადგილებისას ორივე გემმა შეგვატყობინა, რომ შენიშნა აფეთქებები ახლო მანძილზე“, – ნათქვამია Maersk-ის განცხადებაში. კომპანიისვე ცნობით, მათი შვილობილი ამერიკული კომპანიები წითელ ზღვაში ტრანზიტს აჩერებენ.