იეგორ ჩერნიევი - საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატო-მ კონკრეტული წინადადებები უნდა შემოგვთავაზოს
იეგორ ჩერნიევი - საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატო-მ კონკრეტული წინადადებები უნდა შემოგვთავაზოს

ნატო-მ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე კონკრეტული წინადადებები უნდა შემოგვთავაზოს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნიევმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე „უფრო წინ ვართ ნატო-სთან დაახლოების კუთხით“, ვიდრე გასული წლების განმავლობაში.

„ამ სამი დღის განმავლობაში დავინახეთ, რომ ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრი ქვეყნების საპარალამენტო მხარდაჭერა. ახლა ნატო-მ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადებები უნდა შემოგვთავაზოს. ჩვენი მიზანი იყო, დაგვერწმუნებინა პარტნიორები და გვეჩვენებინა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ვართ და უფრო წინ ვართ ნატო-სთან დაახლოების კუთხით, ვიდრე გასული წლების განმავლობაში. ყველაფერს ვაკეთებთ ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად და წინ მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებში ასახულია ნატო-ს პოზიცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში პირველად დამტკიცდა გადაწყვეტილება სანქციების ამოქმედებაზე“, – განაცხადა იეგორ ჩერნიევმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა 13 ოქტომბერს კენჭი უყარა კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ნატო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება და მასში საქართველოზე არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.