IBSU-ს რექტორი უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს
IBSU-ს რექტორი უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა, რომლითაც სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისთვის შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, დღეს აბიტურიენტების მიერ სასწავლებლის არჩევასთან დაკავშირებული ვადა იწურება.

„დავალიანება უკვე გადავიხადეთ. ცენტრისგან ვითხოვთ, რომ ჩვენს მდგომარეობას გადახედონ და ერთხელ კიდევ შეისწავლონ, ვინაიდან დღეს აბიტურიენტების მიერ არჩევანის გაკეთების ბოლო დღეა და რომ არ დაზარალდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვთ მითითებული. ისინი გველოდებიან, როგორი შედეგი იქნება. იმედი გვაქვს, ცენტრი ამას გაითვალისწინებს“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ამასთან, მისი თქმით, უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გადაწყვეტილებაზე ოფიციალური წერილი არ მიუღია, ამიტომაც IBSU სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავს.

„ვმსჯელობთ სააპელაციო საბჭოს მივმართოთ თუ სასამართლოს. როცა შესაბამის წერილს მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ“, – განაცხადა რექტორმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესი დროში გაჭიანურდება და აბიტურიენტების მიღებას შეაფერხებს.

„ამ პროცესს დრო მიაქვს და პირველკურსელების მიღება ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მათ ვერ მიიღებს, რადგან დრო უკვე იწურება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცენტრს მივმართოთ, ჩვენს საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს და იმედი გვაქვს, გადახედავენ. განცხადება შეგვაქვს, რომ დავალიანება გადახდილია. დღეს 18 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს შეცვლის უფლება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.  შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

ამასთან, ცენტრის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ.