„იბერიას“ იურისტი - „ომეგა ჯგუფი“ წელიწადნახევარია, დავალიანების რესტრუქტურიზებას ითხოვს
„იბერიას“ იურისტი - „ომეგა ჯგუფი“ წელიწადნახევარია, დავალიანების რესტრუქტურიზებას ითხოვს

ტელეკომპანია „იბერიას“ იურისტი ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფი“ წელიწადნახევარია მის მიმართ რიცხვული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზებას ითხოვს და პასუხი არ მიუღია.

როგორც ლევან აღდგომელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, რესტრუქტურიზაციის მიმართვაზე ორ თვეში გასცეს პასუხი, თუმცა „ომეგა ჯგუფს“ 18 თვის განმავლობაში ამაზე პასუხი არ გაუცია.

რაც შეეხება ბიუჯეტის წინაშე დავალიანების თანხას, რომელიც 51 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, იურისტი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს თავად კომპანიის მასშტაბიც.

„ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია თანხის ოდენობა, რომ დავალიანება დიდ თანხას შეადგენს. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამხელა დავალიანება ერიცხება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია კომპანიის მასშტაბიც. არ მეგულება საქართველოში კომპანია, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში შეიძლება სამჯერ გააჩერონ, საკმაოდ ხანგრძლივად და თითო შემთხვევაში 12-15 მილიონით დაზარალდეს”, – განაცხადა იურისტმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება.