„იბერია 2“ და მარტვილის „მერანი“ მომავალ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის „იბერია 2“ და მარტვილის „მერანი“ ითამაშებენ – ასეთია პლეი ოფის ორმატჩიანი დაპირისპირებების შედეგები.
„არაგვი“ – „იბერია 2“ 0:1 (პირველი მატჩი 2:2)
ამ გუნდების პირველი მატჩი „ბენდელას“ სტადიონზე 2:2 დასრულდა და დუშეთის „არაგვს“ საშინაო მატჩში მცირე უპირატესობა ჰქონდა. მაგრამ 74-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გივი ხაჩიძემ უნაკლოდ შეასრულა.
„არაგვს“ თამაშის გადარჩენის რეალური შანსი 90+7-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ მასპინძელთა ბომბარდირის, თენგიზ ბრეგვაძის მიერ შესრულებული პენალტი თბილისელთა 19 წლის მეკარემ, რევაზ კურტანიძემ აიღო, მატჩის გმირი გახდა და გუნდს ლიგა 2-ის საგზური მოუტანა.
„მერანი“ (მარტვილი) – „შტურმი“ 1:1 (პირველი მატჩი 1:0)
მარტვილის „მერანმა“ სტუმრად 1:0 მოიგო და საშინაო დაპირისპირებას იმედიანად ელოდა, მაგრამ სართიჭალის „შტურმი“ 39-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძემ დააწინაურა, საერთო ანგარიში კი გაათანაბრა.
გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინშნა და ისევე როგორც პირველ მატჩში, აქაც „მერანმა“ მიზანს ბოლო წამებზე მიაღწია – 120-ე წუთზე მარტვილელების განვითარებული შეტევა გუნდის უზბეკმა თავდამსხმელმა, მალიქშოხ რასულოვმა გოლით დაასრულა და გუნდი ლიგა 2-ში დააბრუნა.