„კროტის“ მიღებით გამოწვეული გართულებებით იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი მკურნალობს
სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ მიღებით გამოწვეული გართულებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი მკურნალობს.
როგორც პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, გუშინ ექვსი წლის გოგონა პირის ღრუს დამწვრობით ფოთიდან ჯერ ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი იაშვილის კლინიკაში. ამასთან, დღესვე იაშვილის კლინიკაში ფოთიდან კიდევ ერთი მცირეწლოვანია შეყვანილი, რომელსაც ასევე პირის ღრუს დამწვრობა აღენიშნება.
გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ოთარ რუსაძის თქმით, შუშხუნა კანფეტების ნაცვლად ბაშვებმა ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამეს.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ორივეს ამჟამად აღენიშნება პირის ღრუს დამწვრობა. ვაჟის მდგომარეობა უკეთესია, გოგონას კი ჭარბი ნერწყვდენა აღენიშნება. ვაჟთან დაგეგმილი გვაქვს საყლაპავი მილის დათვალიერება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის დადგენის მიზნით, გოგონასთან ეს მანიპულაცია ორშაბათამდე გადავდეთ. არც ერთი მათგანის სოციცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ოთარ რუსაძემ.
შემთხვევა დღეს ფოთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მისცა, რომელიც ბავშვმა შეჭამა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.