იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ითხოვს ევროკავშირის ძირეულ რეფორმას და არა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლას – „ტუსკი იცავს სისტემას, რომლითაც თავად სარგებლობდა, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო“

19:09, 29.10.2026

ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ბრალდებას, რომ „იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა“.

როგორც ტუსკის საპასუხოდ კაჩინსკიმ აღნიშნა, მისი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის ძირეული რეფორმაა.

კაჩინსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მის მიერ გაკეთებული განცხადების არასწორად წარმოჩენაში დაადანაშაულა.

„გასაკვირი არ არის, რომ დონალდ ტუსკი იცავს სისტემას, რომლითაც თავად სარგებლობდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ჩვენ გვინდა, ევროკავშირმა სარგებელი მოუტანოს არა მხოლოდ ელიტებს, არამედ, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ მოვითხოვ ევროკავშირის ძირეულ რეფორმას“, – დაწერა იაროსლავ კაჩინსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ვიცე-თავმჯდომარემ, პშემისლავ ჩარნეკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის იმასაც, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საკუთარი თავი თავადვე გაანადგუროს.

ჩარნეკის შეფასებით, ევროკავშირს დღევანდელი ფორმითა და მართვის არსებული სისტემით მთელი ევროპა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ყველა შესაძლო გამოსავლის განხილვა, თუმცა მთავარი ყურადღება ევროკავშირის გარდაქმნას, სტრუქტურულ რეფორმებსა და მართვის სისტემის შეცვლას უნდა დაეთმოს.

„პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლას არ გეგმავს“, – განაცხადა ჩარნეკმა.

მისივე თქმით, პარტიის მიზანია, პოლონელმა მეწარმეებმა ევროპულ ერთიან ბაზარზე საქმიანობა და კონკურენცია გაცილებით უკეთეს პირობებში შეძლონ.

„ჩვენ გვინდა, პოლონელმა მეწარმეებმა გააგრძელონ კონკურენცია ევროპულ და გლობალურ კომპანიებთან ერთიან ევროპულ ეკონომიკურ ბაზარზე, თუმცა გაცილებით უკეთეს პირობებში, მას შემდეგ, რაც ბრიუსელის აბსურდულ რეგულაციებს უარვყოფთ“, – განაცხადა ჩარნეკმა.

ოპოზიციური პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს ევროკავშირი სჭირდება, თუმცა ისეთი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ზიანს არ მიაყენებს.

„ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ყველა აბსურდულ გადაწყვეტილებას, არ დავემორჩილებით შანტაჟს და ევროპულ დონეზე კოალიციის შექმნაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა პშემისლავ ჩარნეკმა.

ცნობისთვის, პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამის მისაღწევად პოლონეთს „მკაცრი და სარისკო მეთოდების“ გამოყენება დასჭირდეს, მათ შორის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები.

მსგავსი