პოლონური მედიის ცნობით, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები არ გამორიცხა
პოლონური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამის მისაღწევად პოლონეთს „მკაცრი და სარისკო მეთოდების“ გამოყენება დასჭირდეს, მათ შორის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები.
„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა ისევე, როგორც ჩემი პოლიტიკური ძალისა და, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
როგორც პოლონური მედია წერს, ოპოზიციის ლიდერმა ევროკავშირის რეფორმირების რამდენიმე შესაძლო გზა დაასახელა, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, კაჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ხელშეკრულებებში არსებულ დებულებებზე, რომლებიც წევრი სახელმწიფოს გაერთიანებიდან გასვლის პროცედურას განსაზღვრავს.
მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გზა სწორედ ამ პროცედურის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებაა.
„ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება და შესაძლებელია, უბრალოდ ეს მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს მკაცრი და სარისკო მეთოდია, მაგრამ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ სხვა გზები შედეგს თუ არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
კაჩინსკის თქმით, ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიმტკიცესა და ევროკავშირის რეფორმირების მომხრე ქვეყნებს შორის პოზიციების შეთანხმებას მოითხოვს.