იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 77.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 205.1 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 203.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი- 188.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 595.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 396.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 325.6 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 697.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 584.2 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 530.7 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 053.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით ნაკლებია.