იანოშ ჰერმანი - სერიოზულად შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენებით
იანოშ ჰერმანი - სერიოზულად შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენებით

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოციალურ ქსელ „ტვიტერშიც“ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

„სერიოზულად შეშფოთებული ვარ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს მიმდინარე გამოძიებას და აგრძელებს საქართველოში მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას“, – წერს იანოშ ჰერმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 

მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.