იაგო ხვიჩია - ვიდრე სამეულთან ვინმე სერიოზულად თანამშრომლობას დააპირებს, ისინი დაიშლებიან, მათი გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს 
იაგო ხვიჩია - ვიდრე სამეულთან ვინმე სერიოზულად თანამშრომლობას დააპირებს, ისინი დაიშლებიან, მათი გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს 

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვინმესთან თანამშრომლობის დასაწყებად მთავარია, რა საკითხის გარშემო ხდება თანამშრომლობა, რა აქვთ საერთო.

„ვიღაცას ცუდი საქმე აქვს გაკეთებული და მასთან ვითანამშრომლებდი თუ – არა, ამაზე მეტად მაკვირვებს ის ამბავი, რომ თანამშრომლობა ფაქტობრივად თანხმდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გარკვეული არ არის, ვის, რა უნდა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძე ამბობს: „კეზერაშვილზე მსმენია და წამიკითხავს, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები მიისაკუთრა, მაგრამ ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ“.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, კონკრეტული საქმე, რომელიც ადამიანებს წაადგებათ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გამაერთიანებელი არ არის.

„შეიძლება, ვიღაცას უნდა კეზერაშვილთან ან ვინმესთან თანამშრომლობა, შეიძლება, მასზე ბევრი ცუდი ან კარგი გაუგია, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი განმსაზღვრელი, ვინმესთან ვითანამშრომლებთ თუ – არა. ამან შეიძლება, მხოლოდ უარყოფითი თვალსაზრისით მოახდინოს გავლენა. მთავარი უნდა იყოს, რაზე ვთანამშრომლობთ და დღეს რა გვაქვს საერთო. „დღეს რა გვაქვს საერთოში“ მე ვერასდროს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ „ქოცები“ უნდა წავიდნენ და ვიღაც უნდა გავაგდოთ. კონკრეტული საქმე, რომელიც ადამიანებს წაადგებათ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გამაერთიანებელი არ არის. ეს სამეული ჯერჯერობით არ დგას იმ პოზიციებზე, რომ დავინახო, რა პოზიტიური ძვრა ექნება ხალხისთვის, გარდა იგივე ლოზუნგების, რომ ვიღაცას დავამარცხებთ, მოვერევით და ქვეყანას შემდეგ ავაშენებთ. რას ვაშენებთ, ეს თავი ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ წიგნში არ გადაიშალა“, – განაცხადა იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათი გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს.

„ვიდრე მათთან ვინმე სერიოზულად თანამშრომლობას დააპირებს, ისინი დაიშლებიან. სამწუხაროდ, ასე მგონია. მათი გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს. გარდა ამისა, ისეთი ხალხია, დამოუკიდებლად მოძრაობა რომ უყვართ ხოლმე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.