იაგო ხვიჩია - უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავაგზავნოთ
იაგო ხვიჩია - უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავაგზავნოთ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თუ დამძიმდება, საქართველოში ექიმების მიკერძოებაზე ეჭვი გაჩნდება.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავაგზავნოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მცდელობაა. ბასილაიას განმარტებით,  მე-18 დაწესებულებაში ათასობით პატიმარია და იქ სააკაშვილის გადაყვანა უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული.