ბექა ბასილაია - მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში, მკაფიო პოზიცია გვაქვს, ეს არის შეუძლებელი
ბექა ბასილაია - მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში, მკაფიო პოზიცია გვაქვს, ეს არის შეუძლებელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მცდელობაა.

როგორც ბასილაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მე-18 დაწესებულებაში ათასობით პატიმარია და იქ სააკაშვილის გადაყვანა უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება როგორ დახტის თავის სიტყვაზე. რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალუზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ სამსახურს წლების განმავლობაში. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, ისინი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. მიხეილ სააკაშვილის, რომლის ხელისუფლების პერიოდში საქართველოში კრიმინალი დამარცხდა. ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნას გადაყვანილი, სადაც არის ათასობით პატიმარი, ათასობით მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეზე. იქ უნდათ ახლა მოაწყონ რაღაც შმოკები და ხელისუფლებას უნდა, დადგას პროვოკაციული სცენები“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, არ ითხოვენ რაიმე განსაკუთრებულს, ითხოვენ იმ პრაქტიკის გამოყენებას, რაც აქამდეც ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს.

„პენიტენციური დაწესებულებიდან ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავთ ან „ვივამედში“, ან ნებისმიერ სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს. სამოქალაქო დაწესებულებებზეა საუბარი. მათ თუ არ აქვთ იმის თავი, რომ უსაფრთხოება უზრუნველყონ, ეს განცხადება, რაც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის  შეუძლებელი, ეს ვერ განხორციელდება. მაშინ მათ მოუწევთ, კონსილიუმს რომ ამოეფარნენ, თურმე ეს ფარსი იმისთვის დადგა იუსტიციის სამინისტრომ, რომ შემდეგ მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები, პატიმრობაშეფარდებული ადამიანები არიან, თურმე იქ უნდა მოათავსონ, სადაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მათი პოზიცია მკაფიოა.

„მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს არის შეუძლებელი. ეს არის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი უღირსი, სამარცხვინო ნაბიჯი, თავიანთი სიტყვების უარყოფა. შეუძლებელია ეს მოხდეს. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა დადგება ძალიან მალე. 20-დღიან მიჯნას გადასცდა უკვე შიმშილობა. ყოველ საათობრივად ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს. ამ დროს გამოხტა ეს მინისტრი ეს ფარისეველი და იძახის, რომ მე 18 დაწესებულებაში უნდა მოვათავსოთ, სადაც არის სხვადასხვა კრიმინალური მუხლებით გასამართლებული ადამიანები“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.