იაგო ხვიჩია - შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი, უნიკალური მოვლენაა
ნონსენსია, რომ ერთი მხრივ, შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ ესმის იმ ადამიანების, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
„არც ერთ ეტაპზე არ მესმოდა ამ ხალხის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ. მგონია, რომ თავის დროზე შეცდომები იქნა დაშვებული. ნონსენსია, რომ ერთი მხრივ, შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი. ეს არის თავდაპირველ შეცდომაში გაჯიუტება. ჩავთვალოთ, რომ საქმე უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს. ზოგადად, ეს პროცესი თავისი შინაარსით ამ ქვეყნისა და ქვეყნის ისტორიისთვის არის უნიკალური, შემკობილია სხვადასხვა უნიკალური ელემენტით, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ამ პროცესში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.