იაგო ხვიჩია - ვინმეს პირადად ჩემთან შეხვედრა თუ არ უნდა, ყველა იმ პროცესის შესახებ, რაშიც ვმონაწილეობდი, საჯაროდ საუბარს ვიწყებ
იაგო ხვიჩია - ვინმეს პირადად ჩემთან შეხვედრა თუ არ უნდა, ყველა იმ პროცესის შესახებ, რაშიც ვმონაწილეობდი, საჯაროდ საუბარს ვიწყებ

წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნებაგანწყობას უკავშირდება თუ  პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და ასევე, მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განიხილონ.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, გეგმის შესახებ საჯაროდ საუბრობენ და რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან საკითხი შეთანხმებულიც კი იყო.

„ვინმეს თუ არ უნდა პირადად  ჩემთან შეხვედრა, საჯაროდ ვიწყებ საუბარს ყველა იმ პროცესის შესახებ, რაშიც ვმონაწილეობდი და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა, ასევე ექნება საშუალება საჯაროდ უპასუხოს.

„ქართული ოცნების“ ნარატივია, თითქოს იმიტომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში, რომ მათზე „ნაციონალრი მოძრაობა“ და ბოკერიას აქვს კომპრომატები. „ქართული ოცნების“ ეს ნარატივი მე გამიგია, მათ შორის მედიასგანაც, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან და ზოგადად, ასეთი ნარატივების წინააღმდეგ არსებობს ერთადერთი საშუალება. შენი ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, მიხვდნენ შენ რა გინდა და რა პირობებში შედიხარ პარლამენტში. თუ ამას არ შვები და ზოგადად, მიედმოედები და ყველაფერს აკეთებ, რაღაცა ჩაშალო, ასეთი ნარატივები ძლიერდება. მე არმინდა სპეკულაცია. ალეკოს უთქვამს რაღაც თორემ, მე საერთოდ არ მითქვამს შანტაჟთან დაკავშირებით. ეს არის „ქართული ოცნების“ ნარატივი. როგორ გახდა ცნობილი რომ აღარ აპირებდა შეხვედრას? როცა პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა, არ უთქვამს, რომ არ აპირებდა შეხვედრას, ეს თქვა მან ტელევიზიით.

ზოგადად, ჩვენ კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ვაშაძესთან, ხშირად ვეკონტაქტებით და არასდროს ყოფილა პრობლემა, დღევანდლამდე. რამდენიმე დღეა, ჩვენი გეგმის შესახებ ვსაუბრობთ საჯაროდ, არც გიორგი ვაშაძეს და არც იმ ძალებს, რომლებზეც ვსაუბრობდით, არ უარყვიათ, რომ ეს გეგმა გვქონდა. იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც ისეთს ვაკეთებდით, რაც არავინ იცოდა, არასწორია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ და რა გეგმაც წარვადგინეთ, არათუ იცოდნენ, შეთანხმებულიც კი იყო რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან. ვაპირებთ, საჯარო ლაპარაკს. ყველა ოპოზიციურ პარტიას რა თქმა უნდა, ვკითხავთ.ზოგადად, მე ასე ვმუშაობ, მივდივარ ადამიანთან, ვეუბნები, რომ მასთან ეს საქმე მაქვს. თუ ის არ ლაპარაკობს ჩემთან, მე ვიწყებ საჯაროდ საუბარს. მაინტერესებს მხოლოდ საჯაროობა. მაინტერესებს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საჯაროდ ილაპარაკოს, რა უნდა, რატომ უნდა და რამდენად არგუმენტირებულია მისი ეს სურვილი. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს გააკეთონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.