იაგო ხვიჩია - ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ, რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის
იაგო ხვიჩია - ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ, რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის

ქვეყანაში არჩევნებს თუ ​გიყალბებენ, ქვეყანაში თუ ტირანია და მონობა გაქვს მოწყობილი, მაშინ აჯანყება ლეგიტიმური კი არა, ერთადერთი მორალური გზაა. უბრალოდ, ჩვენ რა სიტუაციაშიც ვართ, ეს სხვა ამბავია და, ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე ლექციებზეც საუბრობს, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით.

„ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, რევოლუცია იქნება ეს თუ ომი იქნება. ლაპარაკს მაგიტომ აქვს აზრი, რომ ეს რაღაც არ მოხდეს. პრობლემას ვერ ვხედავ, ვიღაც იარაღის დაშლა-აწყობას სწავლობდეს, მაგრამ პრობლემას სინამდვილეში იმაში ვხედავ, როდესაც ვიცნობ ტრენინგის ყველა მონაწილეს, ვიცი, რომ ისინი არანაირი რევოლუციონერები არ არიან. თავში ეს არასდროს აზრად არ მოსვლიათ და იმის გამო, რომ სახელისუფლებო საშუალებებს უნდათ, რომ გამოაჩინონ რევოლუციონერად, მთელ საზოგადოებას ტყუილს ეუბნებიან. არანაირი რევოლუციონერი ეს ხალხი არ არის. არც არასდროს არ უცდიათ და არც მომავალში გვემუქრება ეს საფრთხე. თავიდან ბოლომდე ეს არასწორი ნარატივია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ აქვე უპასუხა კითხვას, ხელისუფლების შეცვლის გზას არჩევნებით ხედავს თუ სხვა სცენარით, მათ შორის რევოლუციით.

მისი თქმით, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში რევოლუციის მომწყობი ხალხი არ არის.

„ხელისუფლება თუ შესაცვლელია, ის ნებისმიერი გზით უნდა შეცვალო, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მცდელობა უნდა იყოს მშვიდობიანი არჩევნების გზით. ისე, რომ მერე არ გაირკვეს, ვინ არის ახალი ბელადი და ამ თემაზე არ დავიწყოთ საუბარი. ქვეყანაში არჩევნებს თუ ​გიყალბებენ, ქვეყანაში თუ ტირანია და მონობა გაქვს მოწყობილი, მაშინ აჯანყება ლეგიტიმური კი არა, ერთადერთი მორალური გზაა. უბრალოდ, ჩვენ რა სიტუაციაშიც ვართ, ეს სხვა ამბავია და, ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ. ისინი ამას არ ფიქრობენ, როგორც წესი, სხვა რამეს გულისხმობენ. რევოლუცია შეყვირებებით არ ხდება. რევოლუციას სხვა ტიპის მომზადება სჭირდება, სხვა პროცესის ნაწილია, რომლის მცდელობაც კი არასდროს არ ჰქონია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ ასეთ რევოლუციონერებს თავის დროზე სულ ვეძებდით; ვინ იყო ასეთი ოპოზიციაში, რევოლუცია ნამდვილად ვის უნდოდა და აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის. ამიტომ, როდესაც ისინი რევოლუციაზე ლაპარაკობენ, სერიოზულად არ ვუსმენთ, თქვენც ამას გირჩევდით. საქმის ნაცვლად, ლაპარაკთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.