იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა

პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს?

„მთელი ეს პროცესი კონცერტი თუ არ არის, მაშინ პრეზიდენტი „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონპროექტს კი არა, ყველა კანონპროექტს უნდა ადებდეს ვეტოს. მის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, დეკემბერში რაღაც ამბავი რომ უნდა მოხდეს, რაღაც ერთჯერადად, მაგაზე კანონი როგორ უნდა შეიცვალოს, რომელიც თავისი შინაარსით მრავალჯერადია? ეს ამბავი რომ მორჩება, კანონი ძალაში ხომ რჩება? თუ სუს-ს ასეთი ინფორმაციები აქვს, მაშინ რას ელოდება, დაიჭიროს ეს ხალხი, დანაშაული ისედაც გახსნილი ყოფილა. მიზანია, საზოგადოებას ხშირად გააგონონ ზღაპარი ოპოზიციის რევოლუციაზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.