იაგო ხვიჩია - „გირჩის“ ფორმატსა და გრიგოლ ვაშაძის განცხადებას კავშირი არ აქვს
იაგო ხვიჩია - „გირჩის“ ფორმატსა და გრიგოლ ვაშაძის განცხადებას კავშირი არ აქვს

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათ ახალ ფორმატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან კავშირი არ აქვს.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, ახალი ფორმატი, რომელშიც ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ, განიხილავს მხოლოდ ორ საკითხს – საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლასა და კომუნისტების დროს მითვისებული ქონების ხალხისთვის დაბრუნებას.

„ჩვენს ფორმატსა და ვაშაძის განცხადებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ჩვენ ორი თვეა, ვმუშაობდით ახალი ფორმატისთვის. მას საერთოდ განსხვავებული მიზნები გააჩნია, ვიდრე იმ ფორმატს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართება. იქ არის საარჩევნო სისტემის გარშემო მსჯელობა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლის ხერხებს განხილავენ, ხოლო ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს ორ საკითხს – პირველი საკითხი საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლაა. მაგალითად, არ არის ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებს ვიგებთ, ამის შემდეგ რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვინდა ჩვენი ფორმატის საშუალებით. მეორე არის რესტიტუციის საკითხი, კომუნისტებმა მთელ საქართველოს წაართვეს ქონება, გარდა სახელმწიფო საკუთრებისა. 90-იან წლებში მხოლოდ 20 პროცენტი იქნა დაბრუნებული, 80 ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია, ჩვენი სურვილია, მთელი საქართველოს ტერიტორია თანაბრად, გარდა იმ ადგილებისა, რაც სახელმწიფოს საკუთრებაა და ფუნქციონირებს, ოყოს ადამიანების საკუთრებაში“ ,- განცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „გირჩის“ ოფისში ახალ ფორმატში გამართულ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება და მას არაფერი აქვს საერთო გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ ჩვენს შეხვედრაზე, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარეა და ამას ვაშაძის განცხადებასთან კავშირი არ აქვს“ ,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე კი იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ არასდროს შეეგუება ტყუილს.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, მათმა პარტიამ თავად განაცხადა, რომ ნამდვილად იმ ახალგაზრდების და ოპოზიციური ერთობის დამსახურებით მოხდა პროპორციული სისტემის მოპოვება. პირადად მე არასდროს შევეგუები ტყუილს, რაც იყო გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში და ყოველთვის ამოვიღებ ხმას, რადგან მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი ჯანსაღი ურთიერთობა. ჩვენ ადამიან ვაშაძეს კი არ ვერჩით, ჩვენ მხოლოდ დამოკიდებულებასთან გვაქვს პრობლემა. აქ პრობლემა იყო ტყუილი, ხოლო რაც შეეხება „ლელოს“,  ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ შემოგვიერთდნენ, გაფართოვებას ვაპირებთ და სხვა პარტიებიც შემოგვიერთდებიან“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრის თქმით, 2020 წელს არჩევნების გზით „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეიცვლება.

„ჩემი აზრით,  „ქართული ოცნება“ შეიცვლება 2020 წელს, მე ამის მჯერა. ფიზიკურად ვერ გაგრძელდება იგივე, თუ ისევ იქნება „ოცნება“, უნდა დაიწყოს დაჭერები, ტელევიზიების დახურვები და ჩვენ  წავიდეთ შუა აზიისკენ.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შანსი და არჩევნების მეშვეობით შევცვალოდ ხელისუფლება. ოპოზიციამ უნდა ითამაშოს იმ თამაშის წესებით და ისე დალაგდეს, რომ „ოცნებას“ განძრევის შანსი არ ჰქონდეს, მათივე სქემა, რომ გადავიდეთ მაჟორიტარულზე და გადავაგდოთ ხალხი პროპორციულზე, უკან შემოუტრიალდეთ და საკონსტიტუციო უმრავლესობით წააგონ არჩევნები. ოპოზიციას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად“ ,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ,  ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება“.

გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებამ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ დაეთანხმა.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა,  რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

გუშინ კი, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ინიციატივით, პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, ასევე  „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, აღნიშნული პარტიების წარმომადგენლები მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დაესწრნენ შეხვედრას და ოპოზიციური სპექტრის ერთობას საფრთხე არ ემუქრება.

„გირჩის“ ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა პარასკევს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.