იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობა“ თუ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ იქნება მიმართული
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობა“ თუ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ იქნება მიმართული

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ სერიოზულად შეხედავს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, თუ გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

მისივე თქმით, განცხადება, რომ „ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ არ გავიქცევით“, არ არის სერიოზული განცხადება და „საჭიროა, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მათგან უარის თქმა აუხსნელი იქნება, სხვა შემთხვევაში, ამ ინიციატივას სერიოზულობა აკლია და მას არ სურს, მიიღოს მონაწილეობა „საცირკო წარმოდგენაში“, რომელსაც შინაარსი არ ექნება“.

„გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, თუ გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.