იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობას” ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის დარღვევის გამო ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების დასჯას
იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობას” ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის დარღვევის გამო ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების დასჯას

საერთაშორისო პარტნიორებს იმას ვთხოვდი, რომ საქართველოზე უარს ნუ იტყვიან, იმის მიუხედავად, თუ როგორი ეჩვენებათ საქართველოს ხელისუფლება სრულიად სამართლიანად, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მომხრე არ არის, რადგან „როცა სანქციები წესდება, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ დაუწესდება, ეს ქვეყანასაც უწესდება“.

„სანქციების მომხრე არ ვიქნებოდი და არც ამის მოთხოვნა მომწონს მაინცდამაინც. საერთაშორისო პარტნიორებს იმას ვთხოვდი, რომ საქართველოზე უარს ნუ იტყვიან, იმის მიუხედავად, თუ როგორი ეჩვენებათ საქართველოს ხელისუფლება სრულიად სამართლიანად. როცა სანქციები წესდება, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ დაუწესდება, ეს ქვეყანასაც უწესდება, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის, ინვესტორისთვის და ტურისტისთვის გასაგები ხდება, თუ როგორია ქვეყანა და ამერიკა როგორ უყურებს.

ვფიქრობ, სანქციები არ არის ის ნათელი მომავალი, რაც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკამ ხელისუფლებას სერიოზული პასუხი მოსთხოვონ, რომ გონზე მოვიდნენ. თუ ამას სერიოზულად მოინდომებს ვინმე, სანქციებამდე მისვლა საჭირო არ იქნება, თუ რუსეთისკენ მივდივართ, გასაგებია. პარტნიორები ოპოზიციაშიც არ არიან დარწმუნებული, როგორც ხელისუფლებას უყურებენ, ასე უყურებენ ოპოზიციასაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ჩხუბისა და ქუჩაში დგომის ნაცვლად, საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს.

„ოპოზიცია ხელისუფლების დასჯას რომელი დოკუმენტის დარღვევის გამოც ითხოვს, მასზე ხელი საერთოდ არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას” მოწერილი. ვფიქრობ, პარტნიორებს ოპოზიციამ საშუალება უნდა მივცეთ, რომ გვერდით დაგვიდგნენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ჯერ ჩვენ ისეთი უნდა გავხდეთ, რომლის გვერდით დგომა შეიძლება. ასეთად ჯერ არ გვიყურებენ. ოპოზიციამ ჩხუბისა და ქუჩაში დგომის ნაცვლად, საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს და ვილაპარაკოთ, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა საით მიჰყავს. საარჩევნოდ, საპარლამენტო ტრიბუნის მიტოვება და ბოიკოტი არასწორია. საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეთ. დასავლეთი მხარს უჭერს პარლამენტარიზმს და იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ 66-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელი არ შეუწყოს საქართველოს შუა აზიად ქცევაში, სადაც პარლამენტში ერთი პარტია ზის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს – ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს.