იაგო ხვიჩია - კოალიციური მთავრობა კარგი იქნებაო, ეს ისეთი ტიპის სადღეგრძელოა, როგორებიცაა გაუმარჯოს საქართველოს ან ყველანი ვიყოთ კარგად
იაგო ხვიჩია - კოალიციური მთავრობა კარგი იქნებაო, ეს ისეთი ტიპის სადღეგრძელოა, როგორებიცაა გაუმარჯოს საქართველოს ან ყველანი ვიყოთ კარგად

„ნაცები“ ცდილობენ, გამოსწორდნენ და კდემამოსილები იყვნენ, მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცი. მგონი, „ქოცები“ ამ ჰაეროვან ტაქტიკას არ აირჩევენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას დეპოლარიზაციის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„წინასაარჩევნოდ რომ კონკურენტები ერთმანეთს აკრიტიკებდნენ, ეს პრობლემა არაა, მაგრამ თუ დანაშაულების მხილებაა, ჩემი აზრით, ეს არაფერ შუაშია პოლარიზაციასთან. ჩემი აზრით, „ქოცებს“ და „ნაცებს“ თამაშის სხვა სტილი არ აქვთ, გარდა ჩხუბისა და დაპირისპირებისა. „ნაცები“ ახლა ცდილობენ, გამოსწორდნენ და კდემამოსილები იყვნენ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არ ვიცი. „ქოცებს“ კი სხვა თამაში არ აქვთ, „ნაცებივით“ საყვარლები რომ გახდნენ, კიდევ უფრო სასაცილო იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ, მგონი, „ქოცები“ ამ ჰაეროვან ტაქტიკას არ აირჩევენ და არჩევნების ბოლომდე ჩხუბის, კბენა-ღრენის ტაქტიკაში დარჩებიან. ამის ცვლილებას არ ველოდები, თორემ დეპოლარიზაციის ბევრი გეგმა შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხება.

„ტონალობა, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება, კარგი იქნებაო, ეს არის ისეთი ტიპის სადღეგრძელო, როგორებიცაა გაუმარჯოს საქართველოს ან ყველანი ვიყოთ კარგად, რასაც, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ ექნება. ზოგადად, კოალიციური მთავრობა არათუ ახლა არის კარგი, 90-იან წლებში კოალიციური მთავრობით რომ დაგვეწყო, იდეალური იქნებოდა, მაგრამ 30 წელია, ამას ვერ ვხვდებით. ვირჩევთ ერთპიროვნულ მმართველს, ბელადს, გნებავთ, ცეკას მდივანს და არცერთ მათგანს კოალიციური მმართველობა არ უნდა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.