იაგო ხვიჩია - მე ვთქვი, რა პირობებით დავუჭერ მხარს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას ვენდობით
იაგო ხვიჩია - მე ვთქვი, რა პირობებით დავუჭერ მხარს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას ვენდობით

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩის განცხადებით, ენდობიან „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, „გირჩის“ მიერ დასახელებულ პირობებს გაითვალისწინებენ.

იაგო ხვიჩიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „აქვთ თუ არა გარანტიები, რომ მხარდაჭერის საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობაც“ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს“.

„მე ვთქვი ჩემი პირობები, ამ პირობებით დავუჭერ-მეთქი მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხარს დაგიჭერთო, დანარჩენს ვნახავთ პარლამენტის დარბაზში, როდესაც ამ საკითხის განხილვა იქნება. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას ვენდობით ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, იაგო ხვიჩიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარტია „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით დაუჭერდა მხარს.

ხვიჩიას განმარტებით, დათქმა მდგომარეობს იმაში, რომ როცა „გირჩს“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დასჭირდება, ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე აღნიშნული პარტის წევრებმა „გირჩს“ „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული არ უნდა უწოდონ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, მათ შორის არიან პარტია „საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა.