„გირჩში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით დაუჭერენ მხარს
„გირჩში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით დაუჭერენ მხარს

პარტია „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით დაუჭერს მხარს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, დათქმა მდგომარეობს იმაში, რომ როცა „გირჩს“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დასჭირდება, ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე აღნიშნული პარტის წევრებმა „გირჩს“ „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული არ უნდა უწოდონ.

„კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მისი შექმნა აუცილებელიც არ მგონია, მაგრამ ვინაიდან კომისიის შექმნა ჩვენი კოლეგებისთვის არის საჭირო, როცა ჩვენ დაგვჭირდება, კომისიის შექმნაში ისინი უნდა დაგვეხმარონ და ასევე, „ქოცების“ მოსყიდულები არ უნდა გვეძახონ. კომისიის მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც რაიმეს შეცვლის. ეს კომისია თუ რაიმეზე უნდა შეიქმნას, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში როგორ შეიყვანეს სააკაშვილი. ეს ძალიან მცირე მიზანია, ამიტომ ამ კომისიის მიზანი არ მომწონს, უფრო დიდ მიზანს უნდა ისახავდეს და კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის „გირჩის“ ოთხი ხმა სჭირდებათ.