იაგო ხვიჩია - მალე გაიგებთ, რას ვაპირებთ, გვექნება „გირჩის“ გზა, რომელიც გამორჩეული და შესამჩნევი იქნება
იაგო ხვიჩია - მალე გაიგებთ, რას ვაპირებთ, გვექნება „გირჩის“ გზა, რომელიც გამორჩეული და შესამჩნევი იქნება

იყო ჩვეულებრივი ამბავი, ვიღაცამ დაურეკა თალაკვაძეს, ჩვენ თალაკვაძესთვის არ დაგვირეკავს. განა, შეუძლებელია მომხდარიყო, მაგრამ რომ მომხდარიყო ვაღიარებდით კიდევაც, –  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ რა გეგმები აქვს „გირჩს“.

„ინფორმაცია, რაც გუშინ ვრცელდებოდა, მართალი რომ ყოფილიყო, ამის დადასტურების არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ეს იყო ტყუილი. იცით, რომელი მედიასაშულებაა ამაში შემჩნეული, რომელიც მტყუან-მართალს დიდად არ დაეძებს, მთავარია, სკანდალი. იყო ჩვეულებრივი ამბავი, ვიღაცამ დაურეკა თალაკვაძეს, ჩვენ თალაკვაძესთვის არ დაგვირეკავს. განა, შეუძლებელია მომხდარიყო, მაგრამ რომ მომხდარიყო ვაღიარებდით კიდევაც. ზოგადად, გავრცელება ასეთი ტიპის ფეიკნიუსების, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში სულ ხდება, ერთმანეთისადმი ტალახის სროლას და ნიშნის მოგებით საუბარს ახალისებს, რაც ვიცით, საიდან მოდის. ცოტა ხანში გაიგებთ, რას ვაპირებთ. გვექნება „გირჩის“ გზა, არა ნაცური ან ქოცური, არამედ „გირჩის“ გზა, რომელიც იქნება ძალიან გამორჩეული და შესამჩნევი. ინდივიდუალურ მოლაპარაკებას მმართველ გუნდთან განვიხილავთ. ზოგადად, ჩვენ ყველანაირ მოლაპარაკებას განვიხილავთ არა მხოლოდ მმართველ გუნდთან, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ უფლებას იტოვებენ, აღარ დაკარგონ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე, არამედ ორიენტირებული იყვნენ ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე.

ხვიჩია ფიქრობს, რომ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

„მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას. მას ხან ასეთი ფიქრები აქვს, ხან ისეთი. არ მგონია, ვინმესთვის ამ სიტყვებს რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ მარტო უნდა პარლამენტში ჯდომა, რაც აქამდეც ეტყობოდა, ამის დადასტურებაა. მგონია, ისინი მართლაც მარტო უნდა ისხდნენ პარლამენტში, რადგან ასე უნდათ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.